ალექსანდრე ელისაშვილი ჰაკერული თავდასხმის გზით მისი ოფიციალური Facebook გვერდიდან კანდიდატურის მოხსნის შესახებ ინფორმაციის გავრცელების გეგმაზე საუბრობს

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალექსანდრე ელისაშვილის ინფორმაციით, "ქართული ოცნების" კონტროლირებადი ვებგვერდებიდან ჰაკერული თავდასხმის მეშვეობით მისი ოფიციალური Facebook გვერდის გატეხვა და კანდიდატურის მოხსნის შესახებ ინფორმაციის გავრცელება იგეგმებოდა.
მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის თქმით, ეს არის სიცრუე და ამომრჩეველს მაღალი აქტივობისკენ მოუწოდებს.
"მაქვს ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნების” კონტროლირებადი ონლაინ გვერდებიდან, ჩემს Facebook გვერდზე ხვალ საღამოს იგეგმებოდა ჰაკერული შეტევა. სურთ, რომ გატეხონ ჩემი ოფიციალური Facebook გვერდი და დაწერონ ინფორმაციის სახით, თითქოს მე მოვხსენი კანდიდატურა, რომ ხალხი და კონკრეტულად ჩემი ამომრჩეველი დააბნიონ და შეცდომაში შეიყვანონ. ეს არის სიცრუე. მე არ მოვხსნი კანდიდატურას და მოვუწოდებ მოსახლეობას, მაქსიმალური აქტიურობისკენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ვერ მოახერხოს ხმების მითვისება და არჩევნების გაყალბება", - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.

























