ალექსანდრე ელისაშვილი - მავნე ტრადიციაა წინასაარჩევნოდ რაღაცების ფართხა-ფურთხით შეცვლა, ახლა ასფალტს მჭადის ფქვილივით მიაყრიან და ნოემბერში აღარ ივარგებს

პატარა ბავშვიც კი არ დაიჯერებს, რომ თბილისის ბიუჯეტის გაზრდა არჩევნებამდე 2 თვით ადრე არჩევნებთან არ არის კავშირში, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თბილისის მერობის კანდიდატმა ალექსანდრე ელისაშვილმა დედაქალაქის ბიუჯეტის დაახლოებით 1,5 მილიონით გაზრდის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებით, წინასაარჩევნოდ ასფალტს ფართხა-ფურთხით "მჭადის ფქვილივით მიაყრიან", რაც ერთი თვის მერე აღარ ივარგებს.
"არჩევნებამდე 2 თვით ადრე გაახსენდათ, რომ 2 წლის წინ სტიქია იყო და ადამიანები დარჩნენ კომპენსაციის გარეშე. რა თქმა უნდა, მავნე ტრადიციაა წინასაარჩევნოდ რაღაცების ფართხა-ფურთხით შეცვლა და ამ ტრადიციას არავინ ღალატობს.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და ეზოებში ასფალტის დაგებას, წარმომიდგენია, როგორ მჭადის ფქვილივით მიაყრიან იმ ასფალტს და ნოემბერში უკვე აღარ ივარგებს. ცხადია, ბიუჯეტის გაზრდა დაკავშირებულია არჩევნებთან. წინასაარჩევნოდ ახსენდება ყველას ხალხი", - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.
თბილისის ბიუჯეტი თითქმის 1,5 მილიონით იზრდება. ცვლილებას საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ.

























