ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ბათუმის აქციაზე დაკავებული ზოგიერთი პირის მიმართ ადმინისტრაციული დევნა სისხლის სამართლებრივით შეიცვალოს

ბათუმში გამართულ აქციაში მონაწილე პირების იდენტიფიცირების მიზნით სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მტკიცებულებების მოპოვება, მათ შორის, სხვადასხვა ტელეკომპანიიდან კადრების ამოღება ხდება, - ამის შესახებ აქციის ერთ-ერთი დაკავებული მონაწილის ადვოკატმა რამინ პაპიძემ ჟურნალიტებს განუცხადა.
„ჩვენ არ ვიცით, ვინ იქნება მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში, თუმცა ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. შესაძლოა, ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირებიდან შემდგომ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში ვიხილოთ რომელიმე მათგანი, შესაძლებელია ვიხილოთ აბსოლუტურად სხვა პირები. ამ ეტაპზე ინფორმაცია ოფიციალურად იდენტიფიცირებული პირების შესახებ არ არის. სამართალდამცავი პრგანოების მხრიდან მიმდინარეობს მტკიცებულების მოპოვება. კერძოდ, სხვადასხვა ტელეკომპანიიდან სასამართლოს განჩინებების მეშვეობით, ხდება კადრების ამოღება. რამდენად მოხდება ამ პირების იდენტიფიცირება და რამდენად შეაგროვებს საკმარის და უტყუარ მტკიცებულებებს სამართალდამცავი ორგანოები, ეს გამოჩნდება“, - განაცხადა რამინ პაპიძემ.
11-12 მარტს, ბათუმში აჭარის მთავარ სამმართველოსთან გამართული აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ავტომანქანა, მათ შორის პოლიციის ავტომობილები დაწვეს, ასევე გაანადგურეს სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა.

























