ბათუმის ნავსადგურში მყოფ ამერიკულ ხომალდზე წვრთნა „ადამიანი ბორტს მიღმა“ იმართება

ბათუმის ნავსადგურში მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების მე-6 ფლოტის სამეთაურო და მართვის ხომალდზე USS Mount Whitney წვრთნა „ადამიანი ბორტს მიღმა“ მიმდინარეობს.
ამერიკელი სამხედროები საქართველოს სანაპირო დაცვის თანამშრომლებთან ერთად ზღვაში ორი ადამიანის ძებნა-გადარჩენის ოპერაციას ატარებენ. პრაქტიკულთან ერთად ამერიკელი ინსტრუქტორები ქართველ კოლეგებს თეორულ ნაწილშიც ჩაუტარებენ სწავლებას. ლეიტენანტი დევისის განცხადებით, საქართველოს წყლებში მსგავსი სწავლება პირველად ტარდება.
„ხომალდზე ტარდება ერთობლივი წვრთნები სამძებრო სამაშველო ოპერაციის დასახვეწად. სამი წლის განმავლობაში ჩამოვდივართ საქართველოში და მსგავსი წვრთნები არ ჩაგვიტარებია. ორ ადამიანს ჩავუშვებთ წყალში და ვნახავთ მათი გადარჩენის ოპერაციას“, - აღნიშნა ლეიტენანტმა დევისმა.
საქართველოს სანაპირო დაცვის მეორე რანგის კაპიტნის ზაურ რესულიძის თქმით, სწავლება გამოადგებათ ფუნქციონალური მოვალეობების უკეთ შესრულებაში.
„ამერიკული სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდის ვიზიტის ფარგლებში მიმდინარეობს ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება ძებნა გადარჩენის ოპერაცია „ადამიანი ბორტს მიღმა“. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს აღნიშნული სწავლებები გამოადგებათ თავიანთი ფუქციონალური მოვალეობისა და ამოცანების უკეთ შესრულებში“, - აღნიშნა ზაურ რესულიძემ
წვრთნები 5 საათი გაგრძელდება. საღამოს 19:00 საათიდან კი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისთვის ხომალდზე საზეიმო მიღებას გამართავს.
USS Mount Whitney ბათუმის ნავსადგურს ხვალ დატოვებს.

























