გიორგი კვირიკაშვილმა დედოფლისწყაროში უახლესი სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი მრავალპროფილური კლინიკა გახსნა

გიორგი კვირიკაშვილმა დედოფლისწყაროში უახლესი სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი მრავალპროფილური კლინიკა გახსნა

დედოფლისწყაროში 25 საწოლზე გათვლილი, უახლესი სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი მრავალპროფილური კლინიკა გაიხსნა.

ახლად აშენებული საავადმყოფო დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, დაათვალიერა.

დავით სერგეენკოს განცხადებით, ახალი სამედიცინო დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. კლინიკაში იფუნქციონირებს ლაბორატორია, სადაც ყველა ტიპის ანალიზის გაკეთება იქნება შესაძლებელი.

მისივე თქმით, დედოფლისწყაროს კლინიკაში ძირითადად დასაქმდნენ ის ექიმები, რომლებსაც ამ დრომდე ძველ, ამორტიზებულ შენობაში უწევდათ მუშაობა. ასევე, მიმდინარეობს ახალი კადრების შერჩევა. სამედიცინო პერსონალს კი ტრენინგები ჩაუტარდა.

პრემიერ-მინისტრმა კლინიკის თანამშრომლებს ახალ, თანამედროვე ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გაგრძელება მიულოცა. კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ კლინიკა დედოფლისწყაროსა და ირგვლივ მდებარე სოფლების მაცხოვრებლებს მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებას გაუწევს.

სამედიცინო დაწესებულება ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და ამ პროგრამით მოსარგებლეები უზრუნველყოფილნი იქნებიან, როგორც გეგმური და გადაუდებელი ამბულატორიული, ისე სხვადასხვა პროფილის სტაციონარული მომსახურებით.

კლინიკა სახელმწიფო ხარჯებით აშენდა და სულ მშენებლობაზე 3 525 000 ლარი დაიხარჯა.