საავტომობილო გზების დეპარტამენტში PBC მოდელის შესახებ ტრეინინგი ჩატარდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტში PBC მოდელის შესახებ ტრეინინგი ჩატარდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი პილოტურ პროექტს (PBC) ახორციელებს, რომელიც გზების რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის კომპლექსურ მომსახურებას ითვალისწინებს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, PBC მოდელის მიხედვით, (საგზაო მონაკვეთის) ტენდერში გამარჯვებული კომპანია, იღებს ვალდებულებას განახორციელოს გზის მთელი მოცულობის მოვლა-შეკეთება, მათ შორის რეაბილიტაციისა და მისი შემდგომი მოვლა-შენახვის სამუშაოები 5 წლის განმავლობაში.

მათივე ინფორმაციით, პროექტის მიზანია, ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს დაეკისროთ სრული პასუხისმგებლობა შესრულებულ სამუშაოებზე.

მათივე ცნობით, საავტომობილო გზების დეპარტამენტში PBC მოდელის შესახებ ტრეინინგი პროექტის ხელმძღვანელმა თილაინათ ჩელიამ ჩაატარა და მოდელის მუშაობის პრინციპი და უპირატესობები დეპარტამენტის წარმომადგენლებს გააცნო. PBC მოდელის მუშაობის შესახებ ტრეინინგები საავტომობილო გზების დეპარტამენტის რეგიონულ წარმომადგენლებსაც ჩაუტარდათ.

განვითარებულ ქვეყნებში ჩატარებული კვლევების მიხედვით, PBC მოდელით გზების მოვლა-შენახვა 10-15%-ით იაფია.

პილოტური პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით პირველად კახეთში ხორციელდება და პროექტის წარმატებით დასრულების შემდეგ, აღნიშნული მოდელი სხვა რეგიონებშიც დაინერგება.

InterPressNews.Ge