ლევან იზორია - ყველა წვრთნა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტარდება, შეიცავს გარკვეულ საფრთხეს

ყველა წვრთნა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტარდება, შეიცავს გარკვეულ საფრთხეებს, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ თემაზე კომენტირებისას განაცხადა. მისი განმარტებით, აღიშნულის შესახებ ფლობს ინფორმაციას და სიტუაციას აკონტროლებს:
"ჩვენ ამ ყველაფერს ვაკონტროლებთ, ვფლობთ ინფორმაციას და შესაბამისად, მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ თავი იგრძნონ უსაფრთხოდ", - აღნიშნა ლევან იზორიამ.
რუსეთმა ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე მასშტაბური სამხედრო სწავლება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეულის, სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ერთდროულად შვიდ პოლიგონზე დაწყებულ სწავლებაში მონაწილეობს ოლქის სარაკეტო და საარტილერიო ჯარების 5 000-ზე მეტი სამხედრო.
სწავლებაში ჩართულია სარაკეტო კომპლექტები „ისკანდერ-მ“-ი, თვითმავალი ჰაუბიცები „აკაცია“ და „გვოზდიკა“, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები „გრადი“, „ტორნადო გ“, „ურაგანი“, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები „შტურმ-ს“-ი.
სწავლებაში მონაწილეობენ როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დისლოცირებული სამხედროები, ისე ჯარისკაცები ჩრდილოეთ კავკასიიდან.
სწავლება 16 სექტემბრამდე გაგრძელდება.

























