მიხეილ ჯანელიძე იმედოვნებს, რომ დღეს, გალში გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები გახდება ცნობილი

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე იმედს გამოთქვამს, რომ დღეს, გალში ინციდენტების პრევენციის შეხვედრაზე გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები გახდება ცნობილი, - ამის შესახებ მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს გალში დღეს დაგეგმილი შეხვედრის კომენტირებისას განუცხადა.
„იმედია დეტალები დღევანდელ შეხვედრაზე გაირკვევა. ეს მექანიზმი სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ შესაბამის შემთხვევებზე მოხდა რელევანტური რეაგირება. ველოდებით ამ შეხვედრის დასრულებას და შემდეგ ვიმსჯელებთ მის შედეგებზე“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მინისტრი ყველას ურჩევს, რომ ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიების შედეგებს დაელოდოს.
გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ 19 მაისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

























