გიორგი ტუმასიანი - მომავალმა თაობამ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია აღარ უნდა ნახოს

გიორგი ტუმასიანი - მომავალმა თაობამ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია აღარ უნდა ნახოს

„მშვიდობის ფონდის“ დამფუძნებელი, გიორგი ტუმასიანი საოკუპაციო ხაზთან მდებარე გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენს ესტუმრა და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”მშვიდობის ფონდიდან” აცნობეს.

როგორც გიორგი ტუმასიანმა განაცხადა, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ თანამოქალაქეებს განსაკუთრებული ყურადღება და თითოეული ჩვენგანის თანადგომა სჭირდება.

”ჯარიაშენში და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სხვა სოფლებში ბევრ გაჭირვებულ ოჯახს შევხვდით. ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერა აუცილებელია სოფლების დაცლის საფრთხის თავიდან ასაცილებლად. ამ მიზნით, ”მშვიდობის ფონდი” აპირებს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობის ინტერესების ადვოკატირებას”, - განაცხადა გიორგი ტუმასიანმა.

მისი თქმით, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია ეხება არამხოლოდ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ადამიანებს, არამედ თითოეულ მოქალაქეს, შესაბამისად, საჭიროა მთელი ქვეყნის მაქსიმალური კონსოლიდაცია ამ პრობლემების ირგვლივ.

„კონსოლიდაცია არის ბუნებრივი გზა ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციისკენ. სწორედ ჩვენი მრავალეროვანი საზოგადოების ერთობლივი პოზიციით ჩვენ დავამტკიცებთ, რომ პრობლემა არა ქართველებსა და აფხაზებს ან ოსებს შორის ურთიერთობებშია, არამედ იმპერიალისტური ამბიციების მქონე რუსეთშია, რომელიც უპირისპირდება მულტიკულტურული, თავისუფალი და ევროპული საქართველოს იდეას, - განაცხადა ტუმასიანმა.

მისივე განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ახალგაზრდებს აქვთ უნიკალური ხედვა ქვეყნის განვითარების შესახებ და ეს არის უზარმაზარი გამოუყენებელი რესურსი, რომელიც შესაბამის ინვესტიციებს საჭიროებს.

„მომავალმა თაობამ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია აღარ უნდა ნახოს. ეს უნდა იყოს თითოეული ჩვენგანის უზენაესი მიზანი და ამოცანა”, - განაცხადა ”მშვიდობის ფონდის” დამფუძნებელმა.

InterPressNews.Ge