დავით ებრალიძემ პანკისელ ბავშვებს თავდაცვის მინისტრის დაპირებული სათამაშოები ჩაუტანა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე პანკისის ხეობას ეწვია. როგორც ”ინტერპრესნიუსს” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, დავით ებრალიძემ სოფელ წინუბნის ბაგა-ბაღი და საჯარო სკოლა მოინახულა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, სათამაშოების მაღაზია „ჭიტამ“ ადგილობრივი პატარები სამახსოვრო საჩუქრებით და სათამაშოებით დაასაჩუქრა. სახელობითი საჩუქრები ასაკისა და სქესის გათვალისწინებით 78 ბავშვს გადაეცა.
„ცოტა ხნის წინ თავდაცვის მინისტრიც იყო აქ ჩამოსული და ადგილობრივ ბავშვებს სათამაშოებს დაჰპირდა. ჩვენ ვასრულებთ პირობას და ბავშვებთან საჩუქრებით ჩამოვედით. ბაგა-ბაღის ბავშვებს და სკოლის მოსწავლეებს სათამაშოების მაღაზია „ჭიტას“ საჩუქრები გადავეცით. ამ რეგიონს უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევთ და ასეთი ვიზიტებიც ხშირი იქნება“, - განაცხადა დავით ებრალიძემ.


























