თელავის ღვთისმშობლის ტაძარში მოკლული პოლიციელების სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

თელავის ღვთისმშობლის ტაძარში მოკლული პოლიციელების სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

თელავის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში მოკლული პოლიციელების გელა ლამაზოშვილის და მაია ჯავახიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

ტაძარში იმყოფებიან პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური, სასჯელაღსრულების მინისტრი კახი კახიშვილი, მთავრობის სხვა წარმომადგენლები და დეპუტატები.

გელა ლამაზოშვილს და მაია ჯავახიშვილს თელავში დღეს დაკრძალავენ.

თელავში, რუსთაველის ქუჩაზე, 30 დეკემბერს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს შენობის მოსაზღვრედ მცხოვრებმა სანდრო მ.-მ თავისივე ეზოს ღობიდან სამმართველოს ეზოში გასულ ინსპექტორს, სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილების თანამშრომელს მაია ჯავახიშვილს სანადირო თოფიდან ესროლა და დაჭრა, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ბრალდებულმა, ასევე, ერთი გასროლა განახორციელა დაჭრილი თანამშრომლის დასახმარებლად მისული პოლიციის კაპიტნის გელა ლამაზოშვილის მისამართით. მიღებული ჭრილობის შედეგად, გელა ლამაზოშვილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა სანდრო მ. შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას, მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.

იხილეთ ვიდეო: მოკლული პოლიციელების სამოქალაქო პანაშვიდი თელავში