თიანეთში დღეს იუსტიციის სახლი იხსნება

თიანეთში დღეს იუსტიციის სახლი იხსნება

იუსტიციის სახლის 400-მდე სერვისი მომსახურების უმაღლესი სტანდარტით უმოკლეს დროში უკვე თიანეთელებისთვის ხელმისაწვდომი გახდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, დღეს თიანეთში რიგით მეთხუთმეტე იუსტიციის სახლი იხსნება.

მათივე ინფორმაციით, გახსნის საზეიმო ცერემონია 14:00 საათზე ჩატარდება - იუსტიციის სახლის თიანეთის ფილიალს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გახსნის. ღონისძიებას თიანეთის მოსახლეობასთან ერთად, დიპლომატთა კორპუსის, მთავრობის, პარლამენტის და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ოფიციალურ გახსნასთან ერთად დაგეგმლია სახალხო ზეიმი და პოპულარული ქართული ჯგუფის "ფრანის" კონცერტი. თიანეთსა და მიმდებარე სოფლებში უკვე მოძრაობს იუსტიციის სახლის ფერადი და მხიარული ღია ავტობუსი, რომელიც ყველა თიანეთელს იუსტიციის სახლის გახსნას ულოცავს, მათ ზეიმზე იწვევს, პატარებს კი სხვადასხვა სანახაობებით და ილუზიონის წარმოდგენებით ართობს.

"ახლად აშენებულ იუსტიციის სახლში უკვე დასრულებულია მომსახურების სივრცეების მოწყობა. ასევე გამართული და მოწყობილია სერვისების განვითრების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, აღსრულების ეროვნული ბიუროსა და დანაშაულის პრევენციის ცენტრის ოფისები, რომლებიც იუსტიციის სახლის შენობაში განთავსდება. იუსტიციის სახლის შენობაში ქორწინების სარიტუალო დარბაზიც გაიხსნება, რომელიც სერვისების განვითრების სააგენტოს ეკუთვნის და იუსტიციის სახლის ცალკე ფლიგელშია განთავსებული. თიანეთში ქორწინების სახლი აქამდე არ ფუნქციონირებდა. სწორედ ამიტომ, იუსტიციის მინისტრის დავალებით, იუსტიციის სახლის პროექტში მოხდა ქორწინების სახლის დარბაზის გათვალიწინება", - აცხადებენ სამინისტროში.