საჯარო რეესტრი და გორის მერია ხვალ მემორანდუმს გააფორმებენ

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე შოთა ჩაჩხუნაშვილი და გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი ხვალ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოდან აცნობეს, თანამშრომლობის მიზანი ქალაქ გორში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) პროექტის განხროციელების ხელშეწყობაა.
"საჯარო რეესტრი ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად ქალაქ გორში პილოტპროექტს ახორციელებს, რომლის მიზანს მუნიციპალიტეტში ევროპული სტანდარტების შესაბამისი გეოგრაფიული მონაცემების წარმოება, გამოყენება და გაზიარება წარმოადგენს. პროექტის შედეგად მიღებული ინფორმაცია საკადასტრო და ადმინისტრაციულ, საკომუნიკაციო და სატრანსპორტო, სამისამართო, დემოგრაფიულ და სხვა მონაცემებს გააერთიანებს, რაც სამომავლოდ მუნიციპალიტეტის ეფექტურ საქმიანობას შეუწყობს ხელს. საპილოტე პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრის დაზუსტება და დემარკაცია, დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემების დაზუსტება, სატრანსპორტო ქსელის, ქუჩების სახელწოდებებისა და საგზაო ნიშნების ციფრულ ფორმატში გადატანა", - ნათქვამია განცხადებაში.

























