პატრიარქმა დღეს შინდისში ეკლესია აკურთხა

პატრიარქმა დღეს შინდისში ეკლესია აკურთხა

გორის რაიონის სოფელ შინდისში, იმ ტერიტორიაზე, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს 17 ქართველი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა , სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ჩაბრძანდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ენერგეტიკის სამინისტროდან აცნობეს, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ეკლესია და ტერიტორია აკურთხა, მან ასევე სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას. სიტყვით წარსდგნენ მეუფე ანდრია და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე.

"ჩვენ ორი წლის წინ დავიწყეთ პატრიარქის ლოცვა კურთხევით ამ ტაძრის მშენებლობა. დღეს უკვე დასრულებულია, დარჩენილია კიდევ პატარ-პატარა სამუშაოები, რომლებიც უახლოეს დღეებში დასრულდება. დღეს, აქ, პატრიარქმა პარაკლისი გადაიხადა 2008 წლის ომში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ბიჭებისთვის. ეს ტაძარი ამ ბიჭების ხსოვნას ეძღვნება. გარდაცვლილების მოსაგონებლად აშენდა", - განაცხადა კახა კალაძემ.

ღონისძიებას დაესწრნენ წმინდა სინოდის წევრები, პარლამენტის დეპუტატები, ადგილობრივი მთავრობა, დაღუპული გმირების ოჯახების წევრები და ახლობლები.

პროექტ "შინდისის გმირების" ავტორი რუსთაველის თეატრის მსახიობი ედმონდ მინაშვილია. პროექტის ფარგლებში საქველმოქმედო ფონდ "კალას" დაფინანსებით წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი აშენდა და დოკუმენტური ფილმი "შინდისის გმირები" გადაიღეს. 17 გმირის სახელზე აიგო ბრინჯაოს მონუმენტი.