წყნეთი-ახალდაბის გზაზე ავტომობილების გადაადგილება შეზღუდულია

წყნეთი-ახალდაბის გზაზე ავტომობილების გადაადგილება შეზღუდულია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ ახალდაბისა და ბეთანიის დამაკავშირებელი ალტერნატიული გზების ძიება მიმდინარეობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, წყნეთი-ახალდაბის დამაკავშირებელ გზაზე დღეს, 07:00 საათზე მცირე მასშტაბის მეწყერი ჩამოწვა.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისათვის ადგილზე იმყოფებიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლები, ასევე გეოლოგები.

"ჩამოწოლოლი მეწყერის მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნება ნაპრალები და მოსალოდნელია მეწყრული პროცესების გააქტიურებაც. გამომდინარე იქიდან, რომ ტერიტორიასთან ახლოს გადის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები, უსაფრთხოების დაცვის მიზნით შეზღუდულია ავტომობილების გადაადგილება. ამჟამად მიმდინარეობს ალტერნატიული გზების ძიება, რომელიც სოფელ ახალდაბას ბეთანიასთან დააკავშირებს", - ნათქვამია განცხადებაში.