"ჩოხატაურის რაიონის #1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტის" საზეიმო გახსნის ცერემონია გაიმართება

"ჩოხატაურის რაიონის #1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტის" საზეიმო გახსნის ცერემონია გაიმართება

ჩოხატაურის რაიონში, ხვალ, "ჩოხატაურის რაიონის N 1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტის" საზეიმო გახსნის ცერემონია გაიმართება.

საქართველოში იაპონიის საელჩოს ინფორმაციით, პროექტი განხორციელდა იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი "გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების პროექტების" ფარგლებში.

ცერემონიას დაესწრებიან - იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ტოშიო კაიტანი, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები და პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა ორგანიზაციის წევრები.

აღნიშნული პროექტის საგრანტო შეთანხმებას ხელი მოეწერა 2014 წლის 5 თებერვალს, იაპონიის საელჩოსა და საქართველოს დემოკარტიული განვითარების კავშირს შორის.

პროექტის მიზანია ჩოხატაურის N1 საბავშვო ბაღში მყუდრო და კომფორტული გარემოს შექმნა 100 ბავშვისათვის, რომლებიც ამჟამად იქ სწავლობენ. პროექტის ბიუჯეტია 77,622 ა.შ.შ. დოლარი.

"გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების პროექტების" (GGP) საგრანტო პროგრამა დახმარებას უწევს შედარებით მცირემასშტაბიან პროექტებს, რომლებიც ინიცირებულია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ და მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის ყოფის სტანდარტის გაუმჯობესებას.

პროგრამა ხორციელდება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: საზოგადო ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დახმარება, გარემოს გაუმჯობესება, სიღარიბის დაძლევა, სოფლის მეურნეობა, კულტურა. 1998 წლიდან GGP–ის ფარგლებში დაფინანსდა 139 პროექტი, რომელთა საერთო ღირებულებამ 12,887,599 აშშ დოლარი შეადგინა. იაპონიის ოფიციალური განვითარების დახმარებამ კი 370 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, რომელიც მოიცავს ისეთ ფართო სპექტრს, როგორიცაა ეკონომიკური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სოფლის მეურნეობისა და სოციალური სექტორები, კულტურა და ადამიანური რესურსების განვითარება.