გიორგი მღებრიშვილი და ბორის იაროშევიჩი მსჯავრდებული ქალების მონაწილეობით გამართულ სპექტაკლს დაესწრნენ

გიორგი მღებრიშვილი და ბორის იაროშევიჩი მსჯავრდებული ქალების მონაწილეობით გამართულ სპექტაკლს დაესწრნენ

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი და ევროკავშირის ელჩის მოადგილე საქართველოში, ბორის იაროშევიჩი დღეს #5 ქალთა დაწესებულებაში მსჯავრდებული ქალების მონაწილეობით გამართულ სპექტაკლს დაესწრნენ. სპექტაკლს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლები, მსახიობები მარინა კახიანი, თათული დოლიძე, მარი ჯანაშია და თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი ნიკა წულუკიძეც დაესწრნენ.

მსჯავრდებულმა ქალებმა სპექტაკლის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობას და სასჯელაღსრულების მინისტრს საქმეების გადასინჯვისა და შეწყალების თხოვნით სცენიდან მიმართეს.

სპექტაკლი ,,იტალიური ეზო" მსჯავრდებული ქალების მიერ დაწერილი სცენარითა და რეჟისურით, რეჟისორმა გეგა ქუციკიძემ დადგა. მასშტაბური სცენა და დეკორაციები #5 დაწესებულების საცხოვრებელ კორპუსში განთავსდა და მასში მჯავრდებული ქალების უპრეცენდენტო რაოდენობა იყო ჩართული.

სპექტაკლის შემდეგ, #5 დაწესებულების ტერიტორიაზე გიორგი მღებრიშვილმა და ბორის იაროშევიჩმა სამკერვალო საწარმო გახსნეს. საწარმოში 25 მსჯავრდებული დასაქმდა, რომელთაც ჭრა-კერვის პროფესიული კურსები გაიარეს და მკერავის პროფესიას დაეუფლნენ. 25-ვე მსჯავრდებულ ქალს დღეს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცა.

როგორც სასჯელაღსრულების მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, დღევანდელი სპექტაკლი არის შედეგი იმ წარმატებული სარეაბილიტაციო პროგრამებისა, რასაც სამინისტრო სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ახორციელებს. რაც შეეხება სამკერვალო საწარმოს, ის პატიმართა რესოციალიზაციის კუთხით გადადგმული ასევე ძალიან წარმატებული ნაბიჯია და მსგავსი პროგრამების განხორციელება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

სამკერვალო საწარმო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,პატიმარ, პრობაციონერ და ყოფილ მსჯავრდებულ ქალთა რეინტეგრაციის ხელშეწყობა კანონმორჩილი ცხოვრებისათვის" ფარგლებში, ასოციაცია ,,ქალი და ბიზნესი"-ს ხელშეწყობით გაიხსნა.