თელავში ხვალ მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის დასკვნითი კონცერტი გაიმართება

თელავში ხვალ მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის დასკვნითი კონცერტი გაიმართება

თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ხვალ მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის დასკვნითი კონცერტი გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" კულტურის სამინისტროდან აცნობეს, ტრადიციულად ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია გამოჩენილი ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძე. ფესტივალს წელს დაარსებიდან 30, ხოლო აღდგენიდან 5 წელი შეუსრულდა.

11-18 ოქტომბერს, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე თელავში, ტრადიციულად, სხვადასხვა თაობის მსოფლიო რანგის მუსიკოსებმა მოიყარეს თავი. ფესტივალის ფარგლებში თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში 5 კონცერტი გაიმართა, მათგან – სამი საერთაშორისო საფესტივალო ორკესტრის თანხლებით, რომლის შემადგენლობაშიც არიან მაღალპროფესიონალი მუსიკოსები საქართველოდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან და შვეიცარიიდან. ორკესტრს ცნობილი დირიჟორი არიელ ცუკერმანი ხელმძღვანელობს. საფესტივალო საღამოები მსმენელს სთავაზობს მრავალფეროვან პროგრამას, რომელშიც შესულია მსოფლიო კლასიკური მუსიკის შედევრები, ქართული საგუნდო მუსიკა, აგრეთვე კამერული მუსიკის ის იშვიათი ნაწარმოებები, რომლებიც საქართველოში პირველად შესრულდა. ფესტივალის კონცერტების პარალელურად, თელავის სამუსიკო კოლეჯში გაიმართა მასტერკლასები სხვადასხვა სპეციალობაში.

სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წლის ფესტივალი გამოირჩევა სოლისტების განსაკუთრებული შემადგენლობით – ელისო ვირსალაძე, ლიანა ისაკაძე, კოლია ბლაჰერი, ნელსონ გოერნერი, ალექსანდრ ბუზლოვი, ნატალია გუტმანი, ედუარდ ბრუნერი, გრიგორი კროტენკო.

12 ოქტომბერს, ფესტივალის ორ, ყველაზე ერთგულ და დიდი ხნის მეგობარს, ნატალია გუტმანსა და ედუარდ ბრუნერს, თელავის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭათ.

გამოჩენილი ქართველი პიანისტის ელისო ვირსალაძის მიერ 80-იან წლებში დაარსებულ ფესტივალს სახელწოდებით, "ქება ვაზისა", ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, მონაწილეთა შემადგენლობით, მასშტაბურობით და ფორმატით ანალოგი არ ჰყავდა. 2010 წელს, 20 წლიანი პაუზის შემდეგ ტრადიცია აღდგა - თელავს ლეგენდარული ფესტივალი კვლავ დაუბრუნდა და მას შემდეგ ყოველწლიურად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.