ქვემო საზანოს სკოლის ორ მოსწავლეს მენინგიტის ვირუსით დაინფიცირება დაუდასტურდა

ზესტაფონის რაიონის სოფელ ქვემო საზანოს სკოლის ორ მოსწავლეს მენინგიტის ვირუსით დაინფიცირება დაუდასტურდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ეკა ქავთარაძემ განუცხადა, სოფელ ქვემო საზანოს სკოლის ორი მოსწავლე ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს. 12 წლის გოგონას ბაქტერიული მენინგიტის დიაგნოზი, ხოლო 7 წლის ბიჭს, ვირუსული მენინგიტი დაუდასტურდა. მისივე ინფორმაციით, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. პროცესში ჩართულია ეპიდემიოლოგიური სამსახური. სამედიცინო დაწესებულებას ამავე სკოლის სხვა მოსწავლეებმაც მიმართეს, თუმცა მათ ვირუსი არ დაუდასტურდათ და კლინიკა დატოვეს.
ეკა ქავთარაძის ცნობით, სოფელ ქვემო საზანოს სკოლის დირექცია გაფრთხილებულია და ბავშვთა ჰიგიენის დაცვის ხელშესაწყობად ღონისძიებები მიმდინარეობს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სკოლებსა და მშობლებს რეკომენდაციით მიმართავს და ჰიგიენის წესების დაცვის, განსაკუთრებით კი ხელების ხშირად დაბანის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის თქმით, სკოლის ადმინისტრაციამ უნდა იზრუნოს, რომ ჰიგიენური საშუალებები ბავშვებისათვის ხელმისაწვდომი იყოს და მათ 3-4 ჯერ მაინც დაიბანონ ხელი. მშობელმა კი ბავშვში სათანადო უნარ-ჩვევების გამომუშავება უნდა უზრუნველყოს.
ცენტრის მონაცემებით, ბოლო ათი დღის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, მენინგიტის თორმეტი შემთხვევა გამოვლინდა. დაინფიცირებულთა ასაკი 25 წელს არ აღემატება.

























