,,ყაზბეგის" მებაჟე ოფიცრები მუდმივ რეჟიმში მორიგეობენ

საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,ყაზბეგის" მებაჟე ოფიცრები მუდმივ რეჟიმში მორიგეობენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს , მებაჟეები დარიალის ხეობაში მდებარე მამათა მონასტრის ტერიტორიაზე იმყოფებიან, საიდანაც საბაჟო პუნქტამდე ფეხით მისვლას ახერხებენ.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვები პუნქტ ,,ყაზბეგის" დატბორვის შემდეგ მებაჟე ოფიცრებმა შეძლეს, დაცულ ადგილას გადაეტანათ ტექნიკა სამუშაო ინვენტარის ნაწილი.
საბაჟო გამშვებ პუნქტზე ვითარების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია პერმანენტულად მიეწოდება.
საბაჟო-გამშვებ პუნქტ "ყაზბეგზე" არსებული მდგომარეობის შესწავლისა და მიყენებული ზიანის აღმოფხვრის მიზნით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით კომისია შეიქმნა.
"ყაზბეგის" საბაჟო დარილიას ხეობაში ღვარცოფის შედეგად დაიტბორა. ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
გუშინ მდინარე თერგმა, რუსეთის მხარეს სოფელ ლარსში თურქეთის მოქალაქის ცხედარი გამორიყა. ამ დროისთვის საქართველოს ერთი მოქალაქე დაკარგულად ითვლება.

























