ოთარ დანელია გურჯანში მოსახლეობას შეხვდა

 ოთარ დანელია გურჯანში მოსახლეობას შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი კახეთის მხარეშიირაკლი შიოლაშვილი გურჯანის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძეც ესწრებოდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ადგილობრივმა ფერმერებმა აღნიშნეს, რომ წელს ატმისა და ვაშლატამას რეალიზაციის პროცესი მნიშვნელოვნად გაადვილდა, რასაც ხელი შეუწყო სახელმწიფოს მხრიდან გატარებულმა ღონისძიებებმა, მათ შორის რუსეთის ბაზრის გახსნამ.

,,ატმის ექსპორტის მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით 2-ჯერ გაიზარდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ წელს ქართული ხილისთვის რუსული ბაზარი გახსნილია და გლეხებს რეალიზაციის პრობლემა აღარ აქვთ. ჩვენ შევქმენით სპეციალური შტაბები და ერთი ფანჯრის პრინციპით ხორციელდებოდა ყველა ის პროცედურა, რაც ხილის ექსპორტს უკავშირდება. გაზრდილია შიდა მოხმარება, ასევე საკმაოდ მაღალია ატმის ფასიც. ეს ყველაფერი მოწმობს იმას, რომ ჩვენს მიერ გატარებული ღონისძიებები სწორი მიმართულებით განხორციელდა", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ ოთარ დანელიამ, ირაკლი შიოლაშვილმა და იური ნოზაძემ ადგილობრივი ფერმერის ნიკოლოზ გეთიაშვილის ატმის ბაღიც დაათვალიერეს. ფერმერი 9 ჰა-ზე გაშენებულ ატმის ბაღს ფლობს. მან წელს 100 ტონამდე მოსავალი მიიღო, საიდანაც 90%-ის რეალიზაცია უკვე განახორციელა. მომავალ წელს ნიკოლოზ გეთიაშვილი ახალი კულტურების გაშენებას და თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემის დამონტაჟებას გეგმავს.