ბათუმში საერთაშორისო ფორუმი - "ევროპის ეკონომიკური სენატის კონგრესი" გაიმართება

ბათუმში საერთაშორისო ფორუმი - "ევროპის ეკონომიკური სენატის კონგრესი" გაიმართება

ევროპის ეკონომიკური სენატის ინიციატივით, ბათუმში, სასტუმრო "შერატონში", 15 აგვისტოს საერთაშორისო ფორუმი - "ევროპის ეკონომიკური სენატის კონგრესი" გაიმართება.

ევროპის ეკონომიკური სენატი ევროპული ბიზნესის საკოორდინაციო ცენტრ- ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელშიც მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელები და ევროკავშირის ქვეყნებიდან პოლიტიკოსები არიან გაწევრიანებულები. სენატის პრეზიდენტია ევროპარლამენტის ვიცე პრეზიდენტი ინგო ფრედერიკი.

კონგრესში სენატის აღმასრულებელი დირექტორი, სენატორები, ევროპის მსხვილ გადამხდელათა კავშირის თავმჯდომარე, ევროპარლამენტის წევრები და ევროპელი ინვესტორები მიიღებენ მონაწილეობას, ქართული მხრიდან კი კონგრესს დაესწრებიან და მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და ქართველი ბიზნესმენები.

კონგრესის ფარგლებში, ბიზნესის ქართველი და ევროპელი წარმომადგენლებს შორის ორმხრივი შეხვედრებიც გაიმართება.

კონგრესზე ყურადღება გამახვილდება ქართულ-ევროპული სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისა და გამარტივების, ევროპული ინვესტიციების მოზიდვის, საქართველოში ევროპული ბიზნეს სტანდარტების დანერგვის, ევროპაში ქართული ბიზნეს ინტერესების ხელშეწყობის გზებზე. ევროპელი ინვესტორებისთვის რამდენიმე საინტერესო ქართული საივესტიციო პროექტის პრეზენტაციაც გაკეთდება.

კონგრესის ორგანიზატორია "საქართველოს ბიზნეს კლუბი", რომელიც 2014 წელს დაარსდა და უკვე რამდენიმე მსხვილ ბიზნეს კომპანიას აერთიანებს. ბიზნეს კლუბს ევროპის ეკონომიკურ სენატში სენატორის სახით 10 წარმომადგენელი ეყოლება, სენატორები წევრი ბიზნესმენებიდან დარგების მიხედვით შეირჩევიან, მათ შორის ისეთი დარგებიდან, როგორიცაა მშენებლობა, ინფრასტრუქტურა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, მედიცინა, ენერგეტიკა და მედია.

კონგრესზე ბიზნეს კლუბის პრეზიდენტი გააკეთებს კლუბის პრეზენტაციას, პარალელურად მოხდება რამდენიმე ქართველი ბიზნესმენის წარდგენა სენატორად.

კლუბის მიზანია ევროპული ინვესტიციების მოზიდვა. ევროპელი მსხვილი ინვესტორებისთვის საინვესტიციო პროექტების პრეზენტირება და ევროპაში ქართული ბიზნეს ინტერესების ლობირება.

კონგრესის თანაორგანიზატორები საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და ეროვნული საინვესტიციო სააგენტო არიან.