დავით შავლიაშვილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას შეუდგა

დავით შავლიაშვილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას შეუდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი, დავით შავლიაშვილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა ვანის მუნიციპალიტეტსა და საირმე-უდაბნოს გზაზე მომხდარი სტიქიის შესახებ დღეს დილით თათბირი გამართა.

მათივე ინფორმაციით, დღესვე, დავით შავლიაშვილი ჟურნალისტებს შეხვდა და სტიქიის ზონაში არსებული მდგომარეობისა და სამინისტროს მიერ დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სტიქიის ზონაში მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა მეწყერისა და წყალმოვარდნის შედეგების მაქსიმალურად სწრაფად აღმოფხვრისათვის.

რაც შეეხება გეგმებს, დავით შავლიაშვილის თქმით, სამინისტრო გაათმაგებული ძალისხმევითა და ტემპებით გააგრძელებს მუშაობას საავტომობილო გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის, წყალმომარაგების სისტემების გაუმჯობესების, ნაპირდაცვის, ნაგავსაყრელების მოწესრიგებისა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიმართულებით.