ბათუმში საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენცია გაიმართება

ბათუმში, 21-22 ივლისს, საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენცია გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, კონფერენციის მიზანია საქართველოს პროგრესის შეფასება ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, 2014 წლის ივნისში ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე ხელის მოწერის შემდეგ.
კონფერენციას გახსნიან: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი; ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი და – გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნილს სკოტი.
კონფერენციაზე გაიმართება მსჯელობა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროპულთან, პარლამენტის საზედამხედველო როლი ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში, ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობის გზები და საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება ევროკავშირთან ინტეგრაციის შესახებ.
კონფერენციის საერთაშორისო ფორმატი შესაძლებლობას მისცემს საქართველოს გაიზიაროს ვიშეგრადის ჯგუფის (V4) სახელმწიფოების გამოცდილება. ვიშეგრადის ჯგუფი აერთიანებს ცენტრალური ევროპის ოთხ სახელმწიფოს - პოლონეთს, ჩეხეთის რესპუბლიკას, უნგრეთსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას, და მიზნად ისახავს მათი პროგრესის ხელშეწყობას, როგორც ევროკავშირთან ინტეგრაციის, ასევე ურთიერთთანამშრომლობის საქმეში.
ბათუმის კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ვიშეგრადის ჯგუფის სახელმწიფოებისა და დიდი ბრიტანეთის პარლამენტების წევრები, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საქართველოს წარადგენს პარლამენტისა და მთავრობის მაღალი რანგის დელეგაცია.
კონფერენციის ორგანიზატორია საქართველოს პარლამენტი ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით.

























