ხულოში "ქართული ოცნებისა" და "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

 ხულოში "ქართული ოცნებისა" და "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხულოს მუნიციპალიტეტის ცენტრში არჩევნების მეორე ტურში მონაწილე "ქართული ოცნებისა" და "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა, რომლის დროსაც აჭარის ტელევიზიის ოპერატორი ზვიად აბულაძე დაზიანდა.

როგორც ტელევიზიის ჟურნალისტმა ჯენი კვანტალიანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, "პატრიოტთა ალიანსის" წევრების გაღიზიანება გამოიწვია "ქართული ოცნების" შტაბის წარმომადგენლების მხრიდან წინასწარი შედეგების ფოიერვერკებით აღნიშვნამ. მისივე თქმით, ოპერატორმა მცირედი დაზიანება მიიღო და ის პოლიციამ დაკითხვაზე წაიყვანა.

"პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ ფოიერვერკებით დაიწყეს აღნიშნვნა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა. ხულოს ცენტრში "პატრიოტთა ალიანსის" და "ქართული ოცნების" ოფისები ერთმანეთთან ახლოს მდებარეობს და "ქართული ოცნების" ზეიმს "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლების მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა. ისინი ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რა დროსაც აჭარის ტელევიზიის ოპერატორი დაზიანდა", - აღნიშნა ჯენი კვანტალიანმა.

როგორც ოპერატორი ზვიად აბულაძე აცხადებს, შეხლა-შემოხლის დროს სავარაუდოდ სხვა ადამიანის მისამართით მოქნეული ხელი მას მოხვდა.

"პოლიცამ დამკითხა, ხულოს ცენტრში დაპირისპირების დროს ჩემი აზრით სხვისი მისამართით მოქნეული ხელი მომხვდა მე. კეფასა და თავის არეში მცირე დაზიანებები მაქვს, სერიოზული არაფერია", - აღნიშნა ზვიად აბულაძემ.

"ინტერპრესნიუსი" დაუკავშირდა "პატრიოტთა ალიანსის" ხულოს გამგებლობის კანდიდატს ემზარ ბოლქვაძეს, რომელმაც დაპირისპირების შესახებ აღნიშნა, რომ "მცირე გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, სერიოზული არაფერი იყო". "ქართული ოცნების" ხულოს გამგებლობის კანდიდატმა ბესიკ ბაუჩაძემ კი განაცხადა, რომ "რამდენიმე მოქალაქეს შორის კონფლიქტი იყო, თუმცა სერიოზული არაფერი მომხდარა".

პირველადი მონაცემებით ბესიკ ბაუჩაძეს ხმათა 55% აქვს, ხოლო ემზარ ბოლქვაძეს 45%.