გივი თარგამაძე ცესკო-ს მოუწოდებს, რუსთავის რამდენიმე საარჩევნო უბნის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით დაინტერესდეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გივი თარგამაძე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებს, დაინტერესდნენ რუსთავის რამდენიმე საარჩევნო უბნის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, 20:00 საათზე საარჩევნო უბნის დახურვის შემდეგ, 22:00 საათამდე შესვენების გამოცხადების შესახებ.
როგორც გივი თარგამაძემ "ნაციონალური მოძრაობის" რუსთავის ოფისში განაცხადა, მათ ხელთ აქვთ ზუსტი ინფორმაცია, რომ #36,37,54,78,54 და 84 საარჩევნო უბნების თავჯდომარეებმა გადაწყვიტეს, 20:00 საათზე, მას შემდეგ რაც უბანი დაიხურება, 22:00 საათამდე შესვენებს აცხადებენ.
,,ეს არის გაუგონარი ახალი წამოწყება, ორსაათიანი შესვენება, რა თქმა უნდა, არის ბევრი ეჭვის მომცემი, მივმართავთ პირველ რიგში ცესკო-ს, გადაამოწმონ კომისიის თავმჯდომარეებთან რას ნიშნავს ეს", - განაცხადა გივი თარგამაძემ.
#84 საარჩევნო უბნის თავმჯდომარის, გიორგი მეტრეველის განცხადებით, კომისიის წევრების საერთო გადაწყვეტილებით, უფლება აქვთ 20 წუთით შეისვენონ და შესაძლოა მათ ეს უფლება გამოიყენონ.
რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გაგა აფციაური, უბნის დახურვის შემდეგ, ორსაათიან ან თუნდაც, ნახევარსაათიან შესვენებას კატეგორიულად გამორიცხავს და აცხადებს, რომ შესაძლოა, მხოლოდ 5-10 წუთი შეისვენონ, მოამზადონ საარჩევნო უბანი და დაუყოვნებლივ დაიწყონ ბიულეტენების დათვლის პროცესი.

























