შსს "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას სიცრუეს უწოდებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას სიცრუეს უწოდებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, "ნაციონალური მოძრაობა" ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, რომ ის პირები, რომლებმაც პოლიციელი სცემეს, ალექსანდრე ჭიკაიძის დავალებით გაათავისუფლეს.
"აღნიშნული ინციდენტი მოხდა მაშინ როდესაც პოლიციელი სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება ხულიგნობის მუხლით", - განაცხადა გიორგობიანმა.
"ნაციონალური მოძრაობა" ბათუმში, 26 მაისს პოლიციელის ცემის ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. როგორც პარტიის წევრმა რაულ თავართქილაძემ ბათუმში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პოლიციის თანამშრომელი ილია კუკულაძე მოჭიდავეებმა სცემეს, რომლებიც შემთხვევიდან მალევე დააპატიმრეს. მისივე განმარტებით, დაპატიმრებული მოჭიდავეები შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის დავალებით აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსმა დავით თამაზაშვილმა გაათავისუფლა. რაულ თავართქილაძე საგამოძიებო სამსახურს საქმის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებს.

























