საქართველოსა და უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროებმა შესაძლოა, სამუშაო ჯგუფი შექმნან

საქართველოსა და უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროებს შორის გამოცდილების გაზიარების კუთხით, შესაძლოა, სამუშაო ჯგუფი შეიქმნას.
ამის შესახებ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინის იუსტიციის და ინფრასტრუქტურის მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, რომელიც აღნიშნულ შეხვედრას საქართველოს იუსტიციის მინისტრ, თეა წულუკიანთან ერთად ესწრებოდა.
როგორც ელგუჯა ხოკრიშვილმა განმარტა, ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. ცოტა ხანში იგი უკრაინელ კოლეგასთან ერთად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მივა, სადაც უკვე დეტალურად განიხილავენ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.
"შეგვიძლია შევქმნათ სამუშაო ჯგუფი, სადაც სამინისტროებს შორის გამოცდილოების გაზიარება მოხდება", - განაცხადა ელგუჯა ხოკრიშვილმა.
უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაქსიმ გურბაკმა კი განაცხადა, რომ შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად ასევე განიხილეს საქართველოსა და უკრაინას შორის ტვირთბრუნვის გაზრდის საკითხი.
როგორც უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაქსიმ გურბაკმა აღნიშნა, ხვალ სამუშაო ვიზიტი ბათუმის პორტში გაგრძელდება. როგორც გურბაკმა აღნიშნა, უკრაინულ მხარეს ასევე აინტერესებს საქართველოს გამოცდილება ენერგოუსაფრთხოების საკითხებში.
"ჩვენ გვესმის, რომ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციის შემდეგ შესაძლებელია სანქციები. თქვენ იცით, რომ ჩვენ "გაზპრომთან" სასამართლოები გვაქვს, ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს გამოცდილებას გავეცნოთ, რომელიც თქვენ ამ კუთხით გქონდათ და ვნახავთ, როგორ გააკეთეთ ეს, რომ მოვამზადოთ ჩვენი საწარმოები შესაძლო სანქციებისთვის", - განაცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

























