ბათუმის 103-ე და ქობულეთის 34-ე უბნებზე ხმის დათვლის პროცედურა მიმდინარეობს

ბათუმის 103-ე და ქობულეთის 34-ე უბნებზე ხმის დათვლის პროცედურა მიმდინარეობს. როგორც ბათუმის 79-ე ოლქის იურისტმა მალხაზ ბოლქვაძემ "ინტერპრესნიუსს"განუცხადა, ბათუმის 103-ე უბანზე 1547 ამომრჩევლიდან 321 ადამიანი მივიდა, რაც ამომრჩეველთა 20 %-ს შეადგენს. მისივე განმარტებით, უბანზე ხმის დათვლის პროცედურა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
ქობულეთის 34-ე უბნის თავმჯდომარის რამინ ხინიკიძის თქმით, უბანზე რეგისტრირებული 1138 ამომრჩევლიდან ხმის მისაცემად მივიდა - 362. მისივე განმარტებით, ხმის დათვლის პროცედურა ექსცესების გარეშე მომდინარეობს.
ბათუმის 79-ე და ქობულეთის 81-ე საარჩევნო ოლქებში დარღვევების შესახებ ამ დრომდე არც ერთი საჩივარი არ შესულა.
15 ივნისს ბათუმის 103-ე უბანზე არჩევნები დარღვევებით ჩატარდა. კომისიის თავმჯდომარემ და წევრებმა შემაჯამებელი ოქმები ოლქს ვერ წარუდგინეს, რის გამოც კომისიის თავმჯდომარეს და ოთხ წევრს დისციპლინარული სასჯელი დაეკისრათ და, შესაბამისად, დღევანდელ არჩევნებს კომისიის სხვა შემადგენლობა ატარებს.
ქობულეთის 34-ე უბანზე კი 15 ივნისის არჩევნების დროს ხმის მიცემის პროცედურა რამდენჯერმე შეჩერდა, რაც ჩანაწერთა წიგნში არ აისახა. გარდა ამისა, კომისიის წევრები უბანს ტოვებდნენ, ხოლო ყუთი მეთვალყურეობის გარეშე რჩებოდა.

























