"ქართული ოცნების" აქტივისტები მიხეილ მაჭავარიანის განცხადებას "უსინდისო ბრალდებას" უწოდებენ

"ქართული ოცნების" აქტივისტები მიხეილ მაჭავარიანის განცხადებას "უსინდისო ბრალდებას" უწოდებენ

"ქართული ოცნების" აქტივისტები დავით ლორია და ჯემალ დუაძე "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტზე თავდასხმის შესახებ პარტიისერთ-ერთი ლიდერის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებას გამოეხმაურნენ. მათი განცხადებით, 21 ივნისს ტეტემაძის ცემის შემდეგ მათთან მუქარის ზარები განხორციელდა და მათი მისამართით აგრესიას "ნაციონალური მოძრაობა" მიზანმიმართულად გამოხატავს.

ჯემალ დუაძე და დავით ლორია ბათუმის ცენტრში გიგი უგულავას, გიგა ბოკერიას და გიორგი ბარამიძის წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარ ინციდენტსაც ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ 7 ივნისს მომხდარ შეხლა-შემოხლას კავშირი არ აქვს ტეტემაძის ცემის ფაქტთან.

"მიხეილ მაჭავარიანმა თქვა, რომ ლევან ტეტემაძის ცემის ფაქტი დაკავშირებულია 7 ივნისს მომხდარ ინციდენტთან. როცა ისინი ირწმუნებიან, რომ თითქოს ამის მონაწილეები ვიყავით ჩვენ ან ჩვენი ორგანიზებული იყო, ამის შემდეგ ჩვენი მისამართით მოდის მუქარები. ეს განცხადებები გაკეთდა მათი წევრების მისამართით, რომ ჩვენზე განხორციელდეს შურისძიება, ფიზიკური დაპირისპირება", - აღნიშნა დავით ლორიამ.

ჯემალ დუაძე კი მიხეილ მაჭავარიანის განცხადებას "უსინდისო ბრალდებას" უწოდებს და აცხადებს, რომ ფიზიკური დაპირისპირების მეთოდებს "ნაციონალური მოძრაობა" იყენებდა.

"რამდენიმე დღეა ჩვენი მისამართით ირიბი განცხადებები კეთდება. დღეს მიხეილ მაჭავარიანმა პირდაპირ უსინდისოდ დაგვდო ბრალი, თითქოსდა ჩვენ ვიყავით ლევან ტეტემაძის ცემის ორგანიზატორები. ჩვენ ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას. ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" სტილი და მეთოდი, ასე მართავდნენ წლების განმმავლობაში ქვეყანას. ეს არის მათი პროვოცირებული, რადგან წინასაარჩევნოდ საზოგადოებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოაჩვენონ, თითქოს ისინი არიან რეპრესირებულნი და იდევნებიან", - აღნიშნა ჯემალ დუაძემ.

ამასთან, "ქართული ოცნების" ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი ერმაკოვი ბათუმში 21 ივნისს "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტის, ლევან ტეტემაძის ცემის ფაქტს გამოეხმაურა. როგორც გიორგი ერმაკოვმა ბათუმში, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, "სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა თავი უნდა შეიკავონ ცილისმწამებლური და არაობიექტური განცხადებებისგან".

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი პარტიის აქტივისტებსა და ლიდერებზე განხორციელებულ თავდასხმებს "ხელისუფლების მიერ წახალისებულს უწოდებს".