დუისში დღეს ლტოლვილთა საერთაშორისო დღე აღინიშნება

პანკისის ხეობის სოფელ დუისში დღეს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი ლტოლვილთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გაეროს ქალთა ორგანიზაციიდან აცნობეს, ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი, UNHRC-ის მისიის ხელმძღვანელი სიმონე ვოლკენი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ნილს სკოტი და სხვები.
"ლტოლვილთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას უერთდება გაეროს ქალთა ორგანიზაციაც. გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის კამპანიის "გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ" ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, 21 ივნისს IRB თბილისის თასი 2014-ის მონაწილე ქართველი, არგენტინელი, ესპანელი და იტალიელი მორაგბეები რაგბის საერთაშორისო საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად პანკისში გაემგზავრებიან და ლტოლვილთა საერთაშიროსო დღეს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აღნიშნავენ. არგენტინის "იაგუარების", ესპანეთის ეროვნული ნაკრების, იტალიისა და საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული ნაკრების წევრები ლტოლვილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული ტურნირების გამარჯვებულებს დააჯილდოვებენ. ამის გარდა, მორაგბეები პანკისის ხეობის მცხოვრებლებს შეხვდებიან და საჩუქრად სარაგბო ინვენტარს გადასცემენ", _ აცხადებენ გაეროს ქალთა ორგანიზაციაში.
მათივე ინფორმაციით, 20 ივნისს, ლტოლვილთა საერთაშორისო დღეს, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი მიზნად ისახავს ყურადღება გადაიტანოს ომის მძიმე გავლენაზე ოჯახებისათვის.
"ლტოლვილთა საერთაშორისო დღეს, 20 ივნისს, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი იხსენებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში იმ 40 მილიონზე მეტი ადამიანის სიძლიერესა და გამძლეობას, რომლებიც იძულებულნი იყვნენ გაქცეულიყვნენ საკუთარი საცხოვრებლიდან ომის ან ადამიანის უფლებების დარღვევის გამო", _ აცხადებენ ორგანიზაციაში.
ლტოლვილთა საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2001 წელს დაწესდა და აფრიკის ერთობის ორგანიზაციის ლტოლვილთა კონვენციის ძალაში შესვლის თარიღს უკავშირდება. 2014 წელს ამ გარდამტეხი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტის მე-40 წლისთავი აღინიშნება.
ამასთან, დღეს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი პარტნიორებთან და დონორებთან ერთად ეწვია მარტყოფის თავშესაფრის მაძიებელთა განთავსების ცენტრს. ამავე დროს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საველე ოფისი ესტუმრა დევნილთა დასახლებას ფოთში, რათა მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირებთან ერთად აღენიშნა ლტოლვილთა საერთაშორისო დღე.
ლტოლვილთა საერთაშორისო დღეს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატის განცხადებით, მსოფლიოში ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებელთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვმა პირველად II მსოფლიო ომის შემდგომ ეპოქაში 50 მილიონ ადამიანს გადააჭარბა.

























