ცესკო - სოფელ კოკის #97 საარჩევნო უბნის კომისიის წევრების ქმედებებს ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია სწავლობს

ცესკო - სოფელ კოკის #97 საარჩევნო უბნის კომისიის წევრების ქმედებებს ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია სწავლობს

სოფელ კოკის #97 საარჩევნო უბნის კომისიის წევრების ქმედებებს ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია სწავლობს.

ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ განაცხადა. მისივე თქმით, თუ კომისიის წვერების მხრიდან გადაცდომის ფაქტი დადასტურდა, შესაბამისი სანქციები უნდა გაიცეს.

"საარჩევნო კომისიის წევრების ქმედებებს სწავლობს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია. თუ მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ კომისიის წევრების მიერ იყო გადაცდომები ჩადენილი, და მე რაც ვნახე, იქ ერთ-ერთი მამაკაცი, სავარაუდოდ თავმჯდომარე, მეგრულად ამბობს - ეს არ შეიძლება, უნდა დადგინდეს რა გაკეთდა, ისეთი რაც არ შეიძლება და შესაბამისი სანქციები გაიცეს", - განაცხადა ჟვანიამ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მტკიცებით, ზუგდიდის რაიონის სოფელ კოკის #97 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრი იყო თბილისის მერობის კანდიდატის დავით ნარმანიას დედა, რომელიც ამომრჩეველს მისთვის სასურველი კანდიდატის შემოხაზვას აიძულებდა.

გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ვიდეოკადრები წარმოადგინა და როგორც განმარტა, დამკვირვებლების მიერ გადაღებული მასალა სწორედ ამ ფაქტს ასახავს.

"მასალა ზუგდიდის რაიონის სოფელ კოკში #97 საარჩევნო უბანზე მიმდინარე საარჩევნო პროცესს ასახავს. სწორედ ამ სოფლიდან არის დავით ნარმანია. აღნიშნულ უბანზე კომისიის წევრად იყო მისი დედა, ქალბატონი ნორა. კადრები, რომელიც დამკვირვებლებმა გადაიღეს, აშკარად აჩვენებს, თუ როგორ ახდენს იგი ამომრჩეველზე ზეწოლას და აიძულებს ამომრჩევლებს, მათ ბიულეტენები უჩვენოს, სადაც ქალბატონი ნორასთვის სასურველი ნომერია შემოხაზული", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.