მარნეულში, მერაბ თოფჩიშვილის შტაბში თათბირი მიმდინარეობს

"ქართული ოცნების" გამგებლობის კანდიდატს გაუმარჯოს", - ამ შეძახილებით დახვდნენ ცოტა ხნის წინ მარნეულში "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბთან შეკრებილი მხარდამჭერები გამგებლობის კანდიდატ მერაბ თოფჩიშვილს.
"ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ", - განუცხადა მერაბ თოფჩიშვილმა ოფისის წინ შეკრებილ მხარდამჭერებს.
მარნეულში თოფჩიშვილის მხარდამჭერები ცესკო-ს დღევანდელი განცხადებით კმაყოფილები არიან. ისინი აცხადებენ, რომ მერაბ თოფჩიშვილი უალტერნატივო კანდიდატია. ის არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს.
ამ წუთებში მარნეულის ცენტრში მერაბ თოფჩიშვილის საარჩევნო შტაბში თათბირი მიმდინარეობს; მარნეულის ორგანიზაციის პოლიტსაბჭოა შეკრებილი, რის შემდეგაც გამგებლობის კანდიდატი ბრიფინგს გამართავს.
კოალიცია "ქართული ოცნების" მარნეულის გამგებლობის კანდიდატი მერაბ თოფჩიშვილი, კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით, კოალიციის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს.
თოფჩიშვილი კოალიციის წევრებთან კონსულტაციებს გუშინ გვიანობამდე მართავდა.
ოპოზიციის კანდიდატის სასარგებლოდ საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება გუშინ გახდა ცნობილი.
როგორც კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ,,ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ იმსჯელა და მარნეულში შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ მოახერხონ ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირების პროვოცირება, აგრეთვე თავიდან იქნეს აცილებული დამატებით სიტუაციის ესკალაცია, მიიღო გადაწყვეტილება ურჩიოს მარნეულის "ქართული ოცნების" კანდიდატს, მოხსნას არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა ეთნიკურად აზერბაიჯანელი ორი ოპოზიციური კანდიდატის სასარგებლოდ.

























