ადმინისტრაციულ სასაზღვრე ზოლთან მდებარე სოფლებში ქალთა საჭიროებებზე შეხვედრა გაიმართება

გორის მუნიციპალიტეტში, დღეს, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციისა (UN Women) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოში გაერო-ს ქალთა ორგანიზაციიდან აცნობეს, შეხვედრა შიდა ქართლში ადმინისტრაციულ სასაზღვრე ზოლთან მდებარე სოფლებში ქალთა საჭიროებებთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციას მიეძღვნება.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ქალთა უფლებების დამცველები და საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები ქალები.
შეხვედრა გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის პროექტის "ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის" მხარდაჭერით ხორციელდება.

























