ფოთში ქვეწარმავლების შემოსევას უჩივიან

ფოთში ქვეწარმავლების შემოსევას უჩივიან

ფოთში, გურიის ქუჩის კორპუსების მცხოვრებლები ქვეწარმავლების შემოსევას უჩივიან.  როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში მოსახლეობა აცხადებს, ავტოფარეხების აღების შემდეგ, ეზოები მოუწესრიგებელი დარჩა და ქვეწარმავლების სახლში შესვლის შემთხვევები გახშირდა.

"დღე არ გავა ეზოში გველი არ ვნახოთ, მწერებისა და ანტისანიტარიის ბუდედ იქცა ეზო. ფანჯრებს და კარებს ვეღარ ვაღებთ. რამდენიმე დღის წინ ფანჯარაზე ამომიცოცდა ბაყაყი, გველები კი, დერეფნებში დასეირნობენ. მოუწესრიგებელია წყალსაკანალიზაციო ჭები, რაც ჩვენს მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს",-აცხადებენ გურიის ქუჩის კორპუსების მცხოვრებლები.

ფოთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ლაშა კუპრეიშვილის განცხადებით, აღნიშნული პრობლემის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ჰქონდა და მის მოგვარებაზე დაუყოვნებლივ იზრუნებენ.

"რამდენადაც ინფორმირებული ვარ, კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის თანხები ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ნაგვისგან ეზოს გასუფთავებას დროულად უზრუნველყოფს შპს "ინფრასტრუქტურა-2008", რომელმაც აღნიშნული სამუშაოების გაწევაზე ტენდერი მოიგო",-აცხადებს კუპრეიშვილი.