ქუთაისის პარლამენტთან მაღაროელების აქცია მიმდინარეობს

ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან ტყიბულელი მაღაროელების აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მაღაროს მეპატრონეს, დავით ბეჟუაშვილს და ხელმძღვანელობას უნდობლობას უცხადებენ. მათი თქმით, ადმინისტრაცია გაფიცული მაღაროელების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.
მაღაროელების თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, გაფიცვას გააგრძელებენ.
აქციის მონაწილეებს აქვთ პლაკატები წარწერით: "მე ვარ მუშა და არა მონა".
აქციის მონაწილეები ჯანმრთელობის დაზღვევის ნორმალურ სისტემას, ასევე მოკლევადიანი და ზეპირი შრომითი კონტრაქტების გაუქმებას ითხოვენ.
მაღაროელების თქმით, მათ უკვე მიმართეს სამთავრობო კომისიას, ასევე ტყიბულის მაჟორიტარ დეპუტატს ელისო ჩაფიძეს და მათგან პასუხს ელოდებიან.
ამასთან, რამდენიმე წუთის წინ აქციაზე მივიდა პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, რომელიც ტყიბულის ერთ-ერთი მაღაროს გაუქმებას აპროტესტებს.
მისი თქმით, მეშახტეები 23 ნოემბერს თბილისში გაემგზავრებიან და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას გამართავენ.

























