სახალხო დამცველის აპარატი ბაჩანა ახალაიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიმართავს, ყურადღებით განიხილოს ბაჩანა ახალაიას სასჯელაღსრულების N7 დაწესებულებაში განთავსების მიზანშეწონილობის საკითხი და ყველა ღონისძიება გაატაროს ბრალდებულის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატმა განცხადება გაავრცელა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულებმა ბრალდებული ბაჩანა ახალაია დღეს N7 დაწესებულებაში მოინახულეს.
"ბაჩანა ახალაია განთავსებულია სრულიად განცალკევებით სხვა პატიმრებისგან. მის საკანში დამონტაჟებულია ვიდეოთვალი. ადმინისტრაციის განცხადებით, ისინი პასუხისმგებლები არიან, რომ N7 დაწესებულებაში ახალაიას უსაფრთხოება დაცული იქნება. სახალხო დამცველის რწმუნებულებთან გასაუბრებისას ბაჩანა ახალაიამ განაცხადა, რომ მის მიმართ არანაირი სახის არასათანადო მოპყრობა არ განხორციელებულა, ჯანმრთელობის პრობლემა არ აწუხებს და არც ადმინისტრაციის მიმართ აქვს რაიმე სახის პრეტენზია, თუმცა დაწესებულების სპეციფიკური კონტინგენტიდან გამომდინარე, გამართლებულად არ მიაჩნია მისი N7 დაწესებულებაში განთავსება", - ნათქვამია განცხადებაში.
სახალხო დამცველის რწმუნებულებმა 14 ნოემბრამდე ახალაია ორჯერ მოინახულეს - 2012 წლის 7 ნოემბერს, თბილისის N2 დროებითი მოთავსების იზოლატორში; ასევე, 2012 წლის 9 ნოემბერს, ღამის საათებში, როცა ახალაია გადაყვანილ იქნა გლდანის N8 დაწესებულებაში. ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში ნათქვამია, რომ ორივე ჯერზე ბრალდებულმა სახალხო დამცველის რწმუნებულთან გასაუბრებაზე უარი განაცხადა.

























