"ქართული ოცნების" ლანჩხუთის ოფისის ხელმძღვანელი ლანჩხუთიდან აქციაზე 2 000-ზე მეტი რეგისტრირებული მხარდამჭერის მისვლას ელოდება

"ქართული ოცნების" ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი სოსო ბოლქვაძე ლანჩხუთიდან ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე 2 000-ზე მეტი რეგისტრირებული მხარდამჭერის მისვლას ელოდება.
როგორც ბოლქვაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ეს არის ადამიანთა ის მინიმალური რაოდენობა, რომელიც უკვე რეგისტრირებულია მიტინგზე დასასწრებად. მისი თქმით, გაცილებით მეტია იმ ადამიანების რიცხვი, რომელიც მიტინგზე საკუთარი ინიციატივით მივა.
ბოლქვაძის ინფორმაციით, კოალიციის მხარდამჭერი კოლონა 120 მიკროავტობუსითა და 90-მდე მსუბუქი ავტომანქანით იქნება წარმოდგენილი. ლანჩხუთიდან კოლონა 16:00 საათისთვის დაიძვრება. ისინი სუფსასა და ნატანებს გაივლიან. ლიდერები ლანჩხუთის კოლონას ურეკში შეუერთდებიან და ოზურგეთისაკენ დაიძვრებიან. ლანჩხუთიდან კოალიციის მხარდამჭერ მსვლელობას "ქართული ოცნების" რამდენიმე წარმომადგენელი წარუძღვება, მათ შორის იქნებიან აკაკი ასათიანი, ლევან იზორია და სხვები.
ოზურგეთში, ალექსანდრე წურწუმიას სახელობის თეატრის წინ "ქართული ოცნების" აქცია 19:00 საათზე დაიწყება.

























