ბიძინა ივანიშვილი ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის დაფუძნებას გეგმავს

ბიძინა ივანიშვილი ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის დაფუძნებას გეგმავს

"ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის დაფუძნებას გეგმავს. როგორც ივანიშვილმა დღეს, ქუთაისში გამართულ "ქართული ოცნების" აქციაზე განაცხადა, განათლების სისტემაში ისეთი რეფორმა უნდა გატარდეს, რომ ქუთაისმა დაიბრუნოს თავისი ძველი დიდება და კვლავ გახდეს უდიდესი საგანმანათლებლო ცენტრი.

"აქ დავაფუძნებთ საუნივერსიტეტო ქალაქს, აღჭურვილს ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტურით, რომელსაც ისეთივე მნიშვნელობა ექნება საქართველოსთვის, როგორიც გელათის აკადემიას ჰქონდა დავით აღმაშენებლის დროს", - აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ჯერ კიდევ 2008 წელს ფიქრობდა, დაეარსებინა ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც კვალიფიციურ კადრებს მოამზადებდა თანამედროვე მაღალტექნოლოგიური საწარმოებისთვის. "როგორც კი ქვეყანაში გაჩნდება საიმედო საინვესტიციო გარემო და გაიხსნება ასეთი საწარმოები, ჩვენ უკვე გვეყოლება ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და აღარ დაგვჭირდება უცხოელი კადრების ძებნა და ჩამოყვანა. მაშინ ვერავინ ავიყოლიე. ახლა კი, ჩვენ ამას შევძლებთ!", - განაცხადა "ქართული ოცნების" ლიდერმა.

განათლების რეფორმის ფარგლებში "ქართული ოცნება" ასევე გეგმავს, რომ თითოეულ სოფელს თავისი სკოლა ჰქონდეს და ხარისხიანი განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. ივანიშვილი მხარდამჭერებს დაჰპირდა, რომ აღარავის ექნება სახელმძღვანელოების შეძენის პრობლემა და აღარავის დასჭირდება სკოლაში მისასვლელად 12 და 20 კილომეტრის გავლა. მისივე თქმით, მასწავლებლობა პრესტიჟული პროფესია გახდება, თითოეული მასწავლებელი კი დაფასებული და დაცული იქნება ფინანსურადაც და სოციალურადაც.

ამასთან, ბიძინა ივანიშვილი გამოცდების ეროვნულ ცენტრში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ დღეებში საზოგადოებამ თავად ნახა, როგორ დასჭირდათ დაცვა ახლანდელი წარმატებული რეფორმის ავტორებსაც.

"ჩვენ ყოველთვის აღვნიშნავდით, რომ ეროვნული გამოცდები იყო ერთადერთი წარმატებული პროექტი. სამწუხაროდ, ერთი კაცის ახირებას, ერთი კაცის ისტერიას ისე შეეწირა ეს პროექტი, რომ შედეგებზე არავის უფიქრია, მაგრამ ის სოლიდარობა, რისი მოწმეც ჩვენ ამ დღეებში გავხდით, უპრეცედენტოა ბოლოდროინდელი საქართველოს ისტორიაში. ეროვნული გამოცდების ცენტრის 60-მა თანამშრომელმა მიატოვა კარგად ანაზღაურებადი სამსახური და ამით ყველას აჩვენა, რომ არაფრის სანაცვლოდ უსამართლობას არ შეეგუება", - აღნიშნა მან.