ქუთაისში აღმაშენებლის გამზირი ნაწილობრივ გადაკეტილია

ქუთაისში  აღმაშენებლის  გამზირი  ნაწილობრივ გადაკეტილია

ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე, სადაც დღეს "ქართული ოცნების" აქცია უნდა გაიმართოს, სცენის, ხმის გამაძლიერებელი აპარატურისა და მონიტორების მონტაჟი მიმდინარეობს.

სცენა, საიდანაც გამომსვლელები შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართავენ, აღმაშენებლის ძეგლის წინ, 100-საფეხურიანი კიბის ძირში არსებულ მოედანზე განთავსდა. სცენის ორივე მხარეს მონტაჟდება მონიტორები და ხმის აპარატურა. სცენას წინა მხარეს დაჯავშნული მინის საფარი დაიცავს.

ამ დროისთვის აღმაშენებლის გამზირი გადაკეტილია ბალახვანის მოედნამდე, სადაც ასევე დამონტაჟდება ხმის აპარატურა და მონიტორები, რომლებიც შეკრებილ მომიტინგეებს გამომსვლელების მოსმენას გაუმარტივებს.

როგორც საორგანიზაციო და ტექნიკური ჯგუფების წარმომადგენლები აცხადებენ, უახლოეს საათებში აღმაშენებლის გამზირი გადაიკეტება ბალახვანის მოედნის გაგრძელებაზეც, რიონზე გადამავალ ხიდამდე, სადაც ასევე დამონტაჟდება საჭირო აპარატურა. საერთო ჯამში, ორგანიზატორების თქმით, ისინი გამზირის დაახლოებით ნახევარ კილომეტრიან მონაკვეთს დაიკავებენ, რაზეც ქუთაისის მერიას ნებართვა გაცემული აქვს.

არსებული გეგმის მიხედვით, "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო შეხვედრა იმერეთის მოსახლეობასთან 18.00 საათზე დაიწყება.