ბათუმში 2011 წლის 21 მაისს განვითარებული მოვლენები გაიხსენეს

"დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ბათუმში იმყოფება, სადაც 2011 წლის 21 მაისს განვითარებული მოვლენები გაიხსენეს.
"სოლიდარობას ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც შარშან საკუთარი სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ოჯახის კეთილდღეობის და რისკის ფასად გამოვიდა და თავისი სიტყვა თქვა; განსაკუთრებით, პოლიტიკურ პატიმრებს, რომლებიც დღესაც სხედან ციხეში. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ამ ადამიანების გათავისუფლებისთვის, სამართლიანობის, დემოკრატიისთვის და ჩვენ ამ ბრძლოლას აუცილებლად წარმატებით დავასრულებთ", - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.
2011 წლის 21 მაისს "სახალხო კრების" მიერ ორგანიზებულმა საპროტესტო აქციამ აჭარის ტელევიზიის წინ გადაინაცვლა, მოვლენების ობიექტურად გაშუქებისა და პირდაპირი ეთერის მოთხოვნით. აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმს შორის მოხდა შეხლა-შემოხლა. რის შემდეგაც დააპატიმრეს "სახალხო კრების" 8 აქტივისტი. მათგან 7 ადამიანი - ცოტნე ანანიძე, ვახტანგ სიორიძე, რომან ხოზრევანიძე, გოჩა მუხაშავრია, დიმიტრი ჭეიშვილი, ანზორ სოლომონიძე და ხვიჩა გამარჯობაძე 2 წლიან სასჯელს პოლიციაზე წინააღმდეგობის გაწევასა და აჭარის ტელევიზიის ბლოკირებისთვის იხდის.
როგორც ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, ინციდენტის დროს დაპატიმრებული პირები პოლიტიკურ პატიმრები არიან.
"ბრალი არავის უღიარებია, ტელევიზიაში შევარდნას, სახელმწიფო გადატრიალებას აბრალებდნენ. ვერც ერთი ადამიანი ვერ გატეხეს. ყველა ის ადამიანი, ვინც ზის ციხეში, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით არის პოლიტიკური პატიმარი და მათი გამართლების დრო მალე დადგება", - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

























