სამართალდამცველებმა "ლიბერთი ბანკის" ჩოხატაურის რაიონის ფილიალის მოლარე-ოპერატორი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად მითვისების ფაქტზე , "ლიბერთი ბანკის" ჩოხატაურის რაიონის ფილიალის მოლარე-ოპერატორი, ვალერი გიორგაძე დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით უკანონოდ სარგებლობდა ბანკის სხვა უფლებამოსილი თანამშრომლების ,,იუზერებითა" და პაროლებით, რითაც ახდენდა ფიზიკურ პირთა დაბლოკილი ანგარიშებიდან ბლოკების მოხსნას და ანგარიშების მფლობელების შეცვლას.
"ამის შედეგად ანგარიშის ჩანაწერში შესული ნებისმიერი ოპერატორი ან ბანკის სხვა უფლებამოსილი თანამშრომელი ანგარიშების მფლობელებად მის მიერ შეტანილი ცვლილებების შედეგად მითითებულ პიროვნებას ხედავდა. ამის შემდეგ ვალერი გიორგაძეს მის მიერ გაყალბებული ხელმოწერებით გამოწერილი გასავლის ორდერებით სალაროდან გამოჰქონდა თანხები და ითვისებდა მართლსაწინააღმდეგოდ. ჯამში, მის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, უკანონოდ შესრულებულ იქნა 99 საბანკო ოპერაცია და ამ გზით 2010 და 2011 წლებში თალითურად, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა დიდი ოდენობით ფულადი თანხები, 41045.75 ლარი და 1078 აშშ დოლარი", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
შსს-მ ვალერი გიორგაძე საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით ითვალისწინებს.

























