ხაშურის ბიბლიოთეკაში ხელნაწერი "ვეფხისტყაოსნის" შექმნა იგეგმება

ხაშურის ბიბლიოთეკაში ხელნაწერი "ვეფხისტყაოსნის" შექმნა იგეგმება

ხაშურის მთავარ ბიბლიოთეკაში ხელნაწერი "ვეფხისტყაოსნის" შექმნა იგეგმება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ხაშურის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს. პროექტის პრეზენტაცია ხაშურის მთავარ ბიბლიოთეკაში გაიმართა, სადაც პროექტის მონაწილეები პროექტში ჩართვისათვის აუცილებელი პირობები გააცნეს და ხელნაწერი წიგნის შესაქმნელად საჭირო ყველა მასალა დაურიგდათ.

ხელნაწერი "ვეფხისტყაოსნის" პროექტში მონაწილეობის სურვილი სხვადასხვა ასაკის 20-მდე მკითხველმა გამოთქვა. ისინი "ვეფხისტყაოსნის" სხვადასხვა ნაწილს სექტემბრამდე გამორჩეული კალიგრაფიით გადაწერენ.

პროექტის დასრულების შემდეგ ხელნაწერი "ვეფხისტყაოსანი" აიკინძება ერთ წიგნად და სათანადო ყდაში მოთავსდება.

ხელნაწერ წიგნში მითითებული იქნება თითოეული ნაშრომის ავტორის ვინაობა. თითოეული ავტორის სახელი და გვარი ხელნაწერ წიგნთან ერთად დარჩება ისტორიას. პროექტი ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით ხორციელდება.

"როგორც ცნობილია, ,,ვეფხისტყაოსნის" პირველი ბეჭდური გამოცემიდან 300 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 2012 წელი იუნესკოს მიერ ,,ვეფხისტყაოსნის" წლად გამოცხადდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში განხორციელდება პროექტი, რომლის მიზანია ,,ვეფხისტყაოსნის", როგორც ეროვნული საგანძურისადმი პატივის მიგება. ამ მოტივით, ბიბლიოთეკის მკითხველთა თანამონაწილეობით შეიქმნება ხელნაწერი და ილუსტრირებული "ვეფხისტყაოსანი", რომელიც გახდება ხაშურის კულტურის ისტორიის ნაწილი და დარჩება ხაშურის მთავარი ბიბლიოთეკის სპეციალურ წიგნად ფონდში", _ ხაშურის მუნიციპალიტეტში.