ბათუმში გამართული აქციის ორგანიზატორებმა მიმართვა გაავრცელეს

ბათუმში გამართული აქციის მონაწილეებმა და ორგანიზატორებმა მიმართვა გაავრცელეს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ. "ქართველი ხალხი არასდროს შეგუებია საკუთარ სამშობლოში დამპყრობელთა ბატონობას. ზუსტად 21 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, რეფერენდუმზე ჩვენ, ქართველმა ხალხმა გამოვხატეთ ურყევი ნება,- ვიცხოვროთ თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოში. სწორედ ამიტომ ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია საქართველოს დამპყრობი ოსმანთა იმპერიის ერთ-ერთი სულთანის- აბდულ აზიზის, ან რომელიმე სხვა დამპყრობელის სახელობის კულტურული, საგანმანათლებლო, საკულტო, ან სხვა რაიმე ტიპის ნაგებობის აშენება, არა მარტო აჭარაში, არამედ საქართველოს ნებისმიერ კუთხეში. მიგვაჩნია, რომ ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ლახავს ჩვენს ეროვნულ ღირსებას და შეურაცხყოფს სამშობლოს თავისუფლებისათვის დაღუპულთა ხსოვნას, რადგან ისეთ ადგილებში, სადაც თავისუფლებისათვის მებრძოლი მამულიშვილები არიან დაკრძალულნი, უნდა დაიდგას მხოლოდ ამ მამულიშვილთა ხსოვნის უკვდავსაყოფი ძეგლები. აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ: ორი კვირის ვადაში, არაუგვიანეს 2012 წლის 15 აპრილისა, ხელისუფლებამ ცალსახად და არაორაზროვნად შეატყობინოს ქართველ ხალხს, რომ ბათუმში დამპყრობელის სახელობის ნაგებობის აშენებაზე უარს ამბობს; სასწრაფოდ გახდეს საჯარო თურქეთ-საქართველოს უკანონოდ გასაიდუმლოებული ხელშეკრულება, როგორც ამას ითვალისწინებს საერთაშორისო სამართლის ნორმები. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას - შეწყვიტოს ქართველი ხალხის ეროვნული ღირსების შემლახავი ქმედებები, რომლის შედეგებზეც მთლიანად თავად იქნება პასუხისმგებელი", - აღნიშნულია მიმართვაში.
აქციის გამართვის ინიციატორი იყო "წინააღმდეგობის მოძრაობა", ხოლო ორგანიზატორები "ემსახურე საქართველოს", "აჭარის მამულიშვილთა საგვარეული კავშირი", "სახალხო კრება", მუსლიმანური მრევლის საინიციატივო ჯგუფი.
დღეს ბათუმში გამართულ აქციაში 3000–მდე ადამიანი მონაწილეობდა.

























