19 წლის წინ ქართველმა სამხედროებმა სოხუმზე მასშტაბური შეტევა მოიგერიეს

19 წლის წინ, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა სოხუმზე მასშტაბური შეტევა წარმატებით მოიგერიეს.
მოწინააღმდეგემ სოხუმზე იერიში 15 მარტის ღამეს დაიწყო. არტილერიითა და ავიაციით დაიბომბა მდინარე გუმისთაზე გამავალი ფრონტის ხაზი და ქალაქში მოქმედი განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტები. მოწინააღმდეგემ მცირე ხნით შეძლო ქართული პოზიციების რამდენიმე ადგილზე გარღვევა და სოხუმის ე.წ. ახალ რაიონში შეღწევა.
საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა კონტრიერიში 16 მარტს დაიწყეს და შეძლეს მოწინააღმდეგის გუმისთის მეორე მხარეზე უკუგდება. ქართულმა შენაერთებმა ოპერაცია 17 მარტის საღამოსთვის დაასრულეს.
1992-1993 აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების პერიოდში, 1993 წლის სექტემბერში სოხუმზე განხორცელებულ შეტევამდე, 1993 წლის 15-16 მარტის შემოტევა ყველაზე მასშტაბური იყო.
15-16 მარტის ბრძოლებში მოწინააღმდეგის მხრიდან მონაწილეობდა 9500 ჯარისკაცი. ქართული მხრიდან სოხუმის დაცვაში 6000 ათასი სამხედრო მონაწილეობდა.
ბრძოლებისას დაიღუპა 137 და დაიჭრა 380 ქართველი მებრძოლი. მოწინააღმდეგემ კი დიდი დანაკლისი განიცადა. კერძოდ, დაიღუპა 1200-მდე ჯარისკაცი და დაიჭრა 1500.

























