კახეთში ცოფის საწინააღმდეგო იძულებითი ვაქცინაცია მიმდინარეობს

სურსათის ეროვნული სააგენტო კახეთის რეგიონში ცოფის საწინააღმდეგო იძულებით ვაქცინაციას ახორციელებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ლაგოდეხის სოფელ ჩადუნიანსა და გურჯაანის სოფელ გურჯაანში დაფიქსირებული ცოფის შემთხვევების გამო, გურჯაანისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აიცრება 750 სული მსხვილფეხა პირუტყვი, ასევე ძაღლი და კატა. ვაქცინაცია სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის "ეპიზოოტიის საწინააღმდეგო ღონისძიების" ფარგლებში ხორციელდება.
ცოფი საშიში მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე დაზიანებით. დაავადებისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა ცხოველების დროული ვაქცინაცია.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, პროფილაქტიკის მიზნით, გეგმიურად მოახდინოს საკუთარი შინაური ცხოველების ვაქცინაცია.

























