"კოალიცია სამართლიანობისთვის" დომინოს ჩემპიონატის სოხუმში ჩატარებას აპროტესტებს

არასამთავრობო ორგანიზაცია "კოალიცია სამართლიანობისთვის" ეხმაურება 18-25 ოქტომბერს, სოხუმში მიმდინარე დომინოს რიგით მე-8 მსოფლიოს ჩემპიონატს და შეშფოთებას გამოთქვამს , რომ საერთაშორისო დონის სპორტული ღონისძიება იმართება იმ მიწაზე, რომელზეც სულ რამდენიმე წლის წინ შეიარაღებული კონფლიქტი მძვინვარებდა და რომელზეც დღესაც გრძელდება ეთნიკური წმენდის პოლიტიკა.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, "კოალიციამ სამართლიანობისთვის" არაერთხელ მიმართა დომინოს საერთაშორისო ფედერაციასა და მის წევრ ქვეყნებს, 2011 წლის ჩემპიონატისათვის უფრო შესაფერისი ადგილის შერჩევის მოთხოვნით.
"თქვენმა მასპინძლებმა, რომლებიც დღეს სოხუმს აკონტროლებენ, 1990-იან წლებში ქართველების მიმართ მასშტაბური ეთნიკური წმენდა მოაწყვეს, რომელმაც 20 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, განადგურდა ათიათასობით სახლი, ხოლო 250 000-ზე მეტი ქართველი იძულებით გადაადგილებულ პირად აქცია. მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ აფხაზეთში ჩემპიონატის ჩატარებისაგან, რაც თქვენი მხრიდან ეთნიკური წმენდის შედეგების ლეგიტიმაციას უტოლდება", - ნათქვამია კოალიციის ერთ-ერთ მიმართვაში, რომელიც მიმდინარე წლის 6 ივნისით თარიღდება.
"კოალიცია სამართლიანობისთვის" მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებასა და მედიას, ადექვატური შეფასება მისცეს დომინოს საერთაშორისო ფედერაციისა და ამ ჩემპიონატის მონაწილე სუბიექტების გადაწყვეტილებას ტურნირის სოხუმში ჩატარების შესახებ.
ორგანიზაციის ცნობით, სოხუმში გამართულ დომინოს მსოფლიოს ჩემპიონატში 22 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის, რუსეთის ფედერაცია, აზერბაიჯანი, აშშ, ესპანეთი, ვენესუელა და ნიკარაგუა. გამარჯვებულს ორგანიზატორებისაგან, ჩემპიონატის ისტორიაში უპრეცედენტო ჯილდო, 100 000 დოლარი გადაეცემა.

























