ბათუმში სიძულვილის ენის შესახებ სემინარი ჩატარდა

ბათუმში, სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლობამ, ადგილობრივი მედიისა და არასამთავრობო სექტორისთვის თემაზე: "სიძულვილის ენა, სიძულვილის დანაშაული და ქართული რეალობა" სემინარს უმასპინძლა .
შეხვედრაში მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების 20-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. ტრენინგი ორ ნაწილად ჩატარდა. საუბარი შეეხო სიძულვილის ენისა და სიძულვილის დანაშაულის გამომწვევ მიზეზებს და, ასევე პრობლემის ირგვლივ ქართული და საერთაშორისო კანონმდებლობის გაცნობას. მონაწილეებმა, აგრეთვე განიხილეს საკითხთან დაკავშირებული ქართული ქეის-მაგალითები, ასევე შეიმუშავეს რეკომენდაციები სიძულვილის ენის განმარტებასთან დაკავშირებით. მსჯელობა შეეხო საქართველოში სიძულვილის ენის კრიმინალიზაციის საკითხებსაც.
აღნიშნულ პროექტს საქართველოში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისი, ევროკავშირი და პარტნიორი ქართული უფლებადამცველი ორგანიზაცია – "ადამიანის უფლებათა ცენტრი" ერთობლივად ახორციელებენ, რომლის ფარგლებშიც, ჟურნალისტიკისა და სამართლის სფეროდან, სულ 12 ტრენერი შეირჩა. მათ ოთხი დღის განმავლობაში ბელფასტის კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის დირექტორმა, ნილ ჯერმანიმ თბილისში სპეციალური კურსი წაუკითხა. თემაზე სემინარი საქართველოს ექვს რეგიონში გაიმართება.

























