რუსულმა ვერტმფრენებმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვიეს

რუსულმა ვერტმფრენებმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვიეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსული ვერტმფრენების მიერ საქართველოს საჰარეო სივრცის დარღვევის შესახებ იუწყება. როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, 7 სექტემბერს, დილის 01:05 საათზე, სამი რუსული "მი-8" ტიპის სამხედრო ვერტმფრენი შემოიჭრა საქართველოს საჰაერო სივრცეში ტანიეს ხეობის სოფელ შატილის მახლობლად, რაც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უხეშ დარღვევას.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ვერტმფრენები 3 კილომეტრით შეიჭრნენ საქართველოს საჰაერო სივრცეში და დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში დაფრინავდნენ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საგუშაგოს თავზე. ამის შემდეგ, ვერტმფრენებმა დატოვეს საქართველოს საჰაერო სივრცე.

"საქართველოს საჰაერო სივრცის მორიგი დარღვევა წარმოადგენს რუსეთის პოლიტიკის გაგრძელებას, რომელიც მიმართულია საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. საერთაშორისო სამართლის ამგვარი უხეში დარღვევა მიზნად ისახავს გამოიწვიოს ქართული მხრიდან შესაბამისი ზომების მიღება, რაც ხელს შეუწყობდა მდგომარეობის შემდგომ ესკალაციას. შექმნილ ვითარებაში ქართულმა მხარემ იმოქმედა თავშეკავებულად და სრული პასუხისმგებლობით, ვინაიდან უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესება საქართველოსა და მთლიანად რეგიონის ინტერესებში არ შედის", - ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროს შეფასებით, აშკარაა რუსეთის მხრიდან ახალი პროვოკაციების განხორციელების მოლოდინი. მომხდარი ინციდენტის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შესაბამისად მიაწვდის ინფორმაციას გაერო-ს, ეუთო-ს, ევროკავშირს და სხვა რელევანტურ საერთაშორისო ორგანიზაციებს.

"ამასთან ერთად, საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობისგან მოელის რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტის სათანადოდ შეფასებას და მოუწოდებს მას, განაგრძოს ზეწოლა რუსეთზე 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულებისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების პატივისცემის მოთხოვნით", - აცხადებს საგარეო პოლიტიკური უწყება.