ჯონ ბასმა და ანდრია ურუშაძემ მარტყოფში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდთა სახლი გახსნეს

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ დღეს მარტყოფშიშეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდთა განახლებული სახლი გახსნეს.
სახლი 80 მოზარდისთვისაა განკუთვნილი. ამერიკის მთავრობამ სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის 600 000 აშშ დოლარი, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპულმა სარდლობამ 500 000 აშშ დოლარი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ ავეჯისა და მოწყობილობის შესაძენად 100 000 აშშ დოლარი გამოყო.
დღეს სახლის გახსნას ჯონ ბასთან და ანდრია ურუშაძესთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის კონტრადმირალი ენდი ბრაუნი, საქართველოს პარლამენტის წევრები, რუსუდან კერვალიშვილი, ფრიდონ თოდუა და გიგი წერეთელიც ესწრებოდნენ. პროექტს საფუძველი 2009 წელს ჩაეყარა, რომლის ინიციატორი კი აშშ-ის საელჩოს წარმომადგენილი ნიკა ფურცელაძე იყო.
მოზარდთა სახლის დირექტორის ლელა კიკნაძის განცხადებით, სახლში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის რომ მოზარდებმა დამოუკიდებლად შეძლონ ცხოვრება. საერთო სასადილოს გარდა, რომელიც პირველ სართულზეა განთავსებული, თითოეულ სართულზე მოწყობილია მცირე სამზარეულო, საამრეცხაოები, კომპიუტერების ოთახი, სამედიცინო ოთახი, საძინებლები და სამეცადინო ოთახები. სამომავლოდ ეს პროექტი სახლის აღსაზრდელებისათვის ითვალისწინებს სამსახურის შოვნასაც.
როგორც აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა განაცხადა, ეს შენობა იყო პირველი, რომელიც მოინახულა ორი წლის წინ, საქართველოში ჩამოსვლიდან მეხუთე დღეს. დიპლომატის თქმით, მასთან ერთად მარტყოფის ცენტრში იმყოფებოდნენ ამერიკის საზღვაო ქვეითი ძალების წარმომადგენლები და გამოთქვეს სურვილი, რომ თავის წვლილი შეეტანათ ამ შენობის რეაბილიტაციაში. სწორედ ამ თანამშრომლობის საფუძველზე მოხდა დაფინანსების მოძებნა და შენობის სადუძვლიანი გარემონტება.
დღესვე ანდრია ურუშაძემ შეზღუდული შესაძლ;ებლობების მქონე პირთა სახლის დირექტროს გადასცა სიმბოლური გასაღები. ასევე, სახლის მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის სიგელები გადაეცათ ამერიკის საზღვაო ქვეითი ბრიგადისა და ქართველ სამხედროებს, ასევე ამერიკის ელჩს საქართველოში ჯონ ბასს.

























